1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამ დაანგრია რუსეთის იმპერია. 1918 წლის 26 მაისს ტფილისში ეროვნული საბჭოს სხდომაზე საქართველო გამოცხადდა სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკად. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გახდა სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნოე ჟორდანია (1868-1953).
ახალგაზრდა დამოუკიდებელი ქვეყნის წინ მძიმე ეკონომიკური, საგარეო და საშინაო პრობლემები იდგა. ენთუზიაზმის არნახული ზრდის წყალობით გააქტიურდნენ საზოგადოების საუკეთესო ძალები, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის მდგომარეობის სტაბილიზირება. საქართველო ეძებდა თავისუფალი განვითარების გზებს მუდმივი საგარეო საფრთხის ზეწოლის პირობებში და ესწრაფვოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი დამოუკიდებლობის აღიარებას.
რუსეთში 1920 წლისთვის კომუნისტებმა დაამარცხეს კონტრრევოლუციური ძალები და შეუდგნენ ყოფილი იმპერიის საზღვრების აღდგენას. დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოს მთავრობა ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია აგრესიისათვის, მაგრამ მისი ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იყო. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარები შევიდნენ ტფილისში. სერგო ორჯონიკიძემ, ინტერვენციის ერთერთმა ორგანიზატორმა უდეპეშა ლენინს ტფილისის თავზე წითელი დროშის აფრიალების შესახებ. ეს დროშა საქართველოში 70 წელი ფრიალებდა.
იმ მოვლენების ფოტოქრონიკა, გადაღებული ე. კლარის, ბ. კოზაკის, ვ. გრინევიჩისა და სხვების მიერ, რომლებსაც როგორც ატელიეში მომუშავე ფოტოგრაფებს არ გააჩნდათ რეპორტაჟული გადაღების ჩვევები, წარმოდგენილია სტატიკური ფოტოსურათებით, რომლებიც მიუხედავად ამისა, ეპოქის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტებია.
გიორგი გერსამია
ფოტოები ინახება სახელმწიფო კინოფოტოფონო არქივში.
|