ალექსანდრე როინაშვილი

1846–1898

ას წელზე მეტი გავიდა ალ. როინაშვილის გარდაცვალებიდან. მისმა თანამედროვეებმა კარგად იცოდნენ თუ ვინ გამოაკლდა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე “ივერია”-ში წერდა:

“ალექსანდრე როინაშვილი მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურება თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის გარე სხვა საგანი აღარ ჰქონდა”.

ეს სიტყვები ეხებოდა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დუშეთიდან თბილისში ჩამოსულ გლეხის ბიჭს, რომელიც მიაბარეს ფოტოგრაფ თ. ხლამოვს მოწაფედ. სწორედ თ. ხლამოვის ფოტოსახელოსნოს მხატვრულ ატმოსფეროში ყალიბდებოდა ალ. როინაშვილი - მხატვარი, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც გახსნა საკუთარი ფოტოსახელოსნო 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე.

ა. როინაშვილის გადაღებული ისტორიული ძეგლების ხედებით და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების პორტრეტებით შევიდა ფოტოგრაფია ქართველი ინტელიგენციის სახლებში, დაიკავა სასტუმრო ოთახებისა და კაბინეტების კედლები.

ა. როინაშვილს მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ისტორიკოს და არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან, რომელსაც უზიარებდა ქართული სიძველეების მოძრავი მუზეუმის შექმნის გეგმებს, რისთვისაც მან რამდენიმე ასეული ექსპონატი შეიძინა. ექსპონატთა ძიებას ის აგრძელებდა დაღესტანშიც, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

1887 ა. როინაშვილმა შექმნა კიდეც მოძრავი მუზეუმი, წაიღო იგი ქ. ასტრახანში, სარატოვში, ხოლო შემდეგ პეტერბურგში. საქართველოს სიძველეთა ამსახველ მრავალ ფოტოგრაფიულ და სტერეოსკოპულ ფოტოსურათებთან ერთად გამოფენილი იყო ძველებური იარაღი და სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვა ქართული და აღმოსავლური კულტურის ამსახველი ნიმუშები. გამოფენებს დიდი წარმატენა ჰქონდა, რამაც ა. როინაშვილს აფიქრებინა თავისი მოძრავი მუზეუმის საზღვარგარეთ გატანა. ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა.

ა. როინაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების შექმნისა, რომლის დამფუძნებელი შეკრება ჩატარდა ა. როინაშვილის ფოტოატელიეში 1893 წლის აპრილში. ა. როინაშვილი ირიცხებოდა თბილისში მოქმედ ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრად. აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს, აწყობდა თეატრალურ რეპეტიციებს თავის ატელიეში, უფასოდ უგზავნიდა წიგნებს სოფლის ბიბლიოთეკებსა და სკოლებს, იგი ჩქარობდა გაეკეთებინა რაც შეიძლება მეტი... მისი სიცოცხლე 52 წლის ასაკში შეწყდა.

დასაფლავება საზეიმო ელფერს ატარებდა. სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელმა ბატონმა ივანე რატიშვილმა გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა და მოიხსენია ა. როინაშვილის სახელოსნო, როგორც ქართული საზოგადოების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი: “იქ იწვრთნებოდა მთელი დასი ახალგაზრდებისა. შენ თვითონ იყავ მათი მწვრთნელი, შენა ზრუნავდი გულითა მხურვალითა, რომ მოგემზადებინა ისინი ღირსეულად ცხოვრების სასარგებლო სარბიელისათვის და დაგეყენებინა ისინი პატიოსანი გამრჯელობის გზაზედ. ეხლა იგი ახალგაზრდობა მწარედ დასტირის შენს კუბოს და აღარ იცის, როგორ განაგრძოს, შენგან დაწყებული, მაგრამ არ-გათავებული დიდად ღირსეული საქმე” (“ივერია”, 1898 წ, 16 მაისი, N 101).

ა. როინაშვილის ფოტოსახელოსნოს, ასევე მისი მოწაფეების შემდგომმა ბედმა გვიჩვენა, რომ მომავლის გამო დაბნეულობას მარტო ახალგაზრდობა არ განიცდიდა. წერა -- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა უცვლელად გაეგრძელებინა ფოტოსახელოსნოს მუშაობა ძველი შემადგენლობით. 1899 წლის ივნისამდე ფოტოსახელოსნოს ხელმძღვანელობდა ვასილ როინაშვილი, შემდეგ იგი საცხოვრებლად გადავიდა თელავში და თან წაიღო ა. როინაშვილის სახელოსნოდან ფოტოაპარატურის ნაწილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ფოტოსახელოსნო სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს. ზაქარია ლაბაურმა, რომელმაც ასევე წაიღო ფოტოაპარატურის ნაწილი, რკინიგზის სადგურის უკან გახსნა “ნაძალადევის ფოტოგრაფია”. მცირე დროით ა. როინაშვილის სახელოსნოს განაგებდა მხატვარი ტ. მომცელიძე. 1901 წლის ზაფხულში წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოიწვია გამგედ ალექსანდრე მამუჩაშვილი, რომელიც ქ. ბაქოში ჟორჟის ფოტოგრაფიაში მუშაობდა. ა. მამუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო 1902 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციაში თურქეთის საქართველოში. 1903 წელს ფოტოსახელოსნოში დაბრუნდა ტ. მომცელიძე, მაგრამ იგი მალევე გარდაიცვალა. საზოგადოების გამგეობა აშკარად ვერ ართმევდა თავს მემკვიდრეობით მიღებულ ა. როინაშვილის ფოტოსახელოსნოს ხელმძღვანელობას.

1905 წელს ფოტოსახელოსნო ა. როინაშვილის მიერ გადაღებულ ნეგატივებთან ერთად გადავიდა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის საკუთრებაში.

1916 წელს გარდაიცვალა დ. ერმაკოვი. ექვთიმე თაყაიშვილის ძალისხმევით, რომელიც სპეციალურად გაემგზავრა ქ. ბაქოში ქართველი მრეწველებისაგან ფინანსური დახმარების მიღების მიზნით (თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო მრეწველმა და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ), დ. ერმაკოვის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ა. როინაშვილის ნეგატივების ჩათვლით შეიძინა ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ თბილისის უნივერსიტეტთან ერთობლივად.

პირველი პროფესიონალი ქართველი ფოტოგრაფის და საზოგადო მოღვაწის ა. როინაშვილის საფლავის ქვაზე დიდუბის პანთეონში ამოკვეთილია:

სამაგალითო ქველმოქმედს და თავის ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს
ალექსანდრე როინაშვილს
1846-1898
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია