რაც უფრო კომპაქტური ხდებოდა ფოტოგრაფიის ტექნიკა, ხოლო ფოტოგრაფიული პროცესები – ადვილად შესასრულებელი, მით უფრო, იზრდებოდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. თბილისში ჩამოყალიბებული მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველი კრება 1893 წლის აპრილში ჩატარდა ალ. როინაშვილის ატელიეში. საზოგადოება მიზნად ისახავდა ფოტოგრაფიის შესწავლაში ხელის შეწყობას და მის გამოყენებას სხვადასხვა დარგში. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა. საზოგადოების ლაბორატორია აღჭურვილი იყო მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი. გაზეთი “კავკაზი” სისტემატურად ბეჭდავდა ცნობებს ამ საზოგადოების საქმიანობის შესახებ. აი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მიეკუთვნება 1895 წელს:
“17 мая в воскресение в одном из верийских садов, члены Тифлисского общества фотографов – любителей устроили маевку, в программу которого входило испытание недавно полученного аппарата новейшей конструкции. После съемки некоторых видов и групп последовал обед. Вечером в помещении общества был выслушан доклад секретаря Бакинского фотографического общества А. М. Мишона об историческом ходе развития общества”.
ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ერთ-ერთი მიზანი იყო სურათების კოლექციის შედგენა და გამოფენის მოწყობა. 1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ლ. ართაზოვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელმაც თავისთვის ქალაქის ცენტრში დაქირავებული სათავსებიდან ერთი ოთახი დაუთმო საზოგადოებას. გამოფენილი იქნა 150-ზე მეტი ფოტოსურათი, ქალაქის ხედები, შენობათა ინტერიერები, ხელის კამერით შესრულებული მომენტალური სურათები, მაგნიუმის გაელვებაზე გადაღებული ღამის სურათები, ნამუშევრები აბრეშუმზე და სხვა. გამოფენას დიდი წარმატება ჰქონდა. მაშინ მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოებამ გადაწყვიტა საკუთარი გამოფენის მოწყობა. 1896 წლის ბოლოს, საზოგადოების თავმჯდომარემ, საქალაქო სათათბიროს დეპუტატმა დ. ყორღანოვმა თხოვნით მიმართა თბილისის გურერნატორს თავად დ. შერვაშიძეს გამოფენის მოწყობის ნება დაერთო:
“Тифлисское общество фотографов – любителей имеет честь и находит уместным доложить Вашему Сиятельству, что за последнее время фотографическое дело вообще, а в России и на Кавказе в частности, гигантскими шагами движется вперед по пути прогресса.
Тифлисское общество фотогорафов – любителей, поставившее себе целью не только развитие фотографии, но и изучуниу Кавказского края, предполагает устроить первую Кавказскую выставку с целью ознакомления местных фотографических сил с лучшими силами России и тем дать толчок местным деятелям применить свои знания и опытность в фотографическом деле с большей для края пользой”.
გამოფენა გაიხსნა 1897 წლის 23 აპრილს სამხედრო ისტორიული მუზეუმის შენობაში (ამჟამად სამხატვრო გალერეა) გოლოვინსკის პროსპექტზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე ფოტოგრაფიული აპარატები და მოწყობილობები. გამოფენის მრავალი დამთვალიერებელი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება არ იღებდა დაკვეთებს და არც გამოფენის ექსპონატებს ყიდდა. გამოფენაზე რამდენიმე მართლაც ღირსშესანიშნავი ნამუშევარი იყო წარმოდგებილი. განსაკუთრებული გამოცოცხლება შეინიშნებოდა პოლკოვნიკ ვ. ვარაპაევის ვიტრინასთან, სადაც გამოფენილი იყო პროფ. რენტგენის ხერხით გადაღებული, თვალისთვის მიუწვდომელი საგნების სურათები. 25 მაისს გამოფენა დაიხურა. საექსპერტო კომისიამ გამოფენის მონაწილეებს ჯილდოები მიაკუთვნა. ოქროს მედალი მიიღო საზოგადოების აქტიურმა წევრმა, ფოტოლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ფოტოგრაფიის ჩინებულმა მცოდნემ სერგეი მარგულოვმა. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ცნობილი ტფილისელი ფოტოგრაფები და მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრები, აგრეთვე მათი კოლეგები რუსეთის მრავალი ქალაქებიდან, მათ შორის, ცნობილი პეიზაჟისტი, კავკასიის პოპულარიზატორი გ. რაევი ქ. კისლოვოდსკიდან და მრავალი ფოტოკონკურსის მონაწილე მხატვარ ი. რეპინის მეუღლე ნ. ნორდმან-სევეროვა ქ. სანტ-პეტერბურგიდან, რომელიც ხშირად თავისი მეუღლისათვის იღებდა პორტრეტულ ეტიუდებს. ჟილდო მიიღეს საზოგადოების დამაარსებლებმა _ დ. ყორღანოვმა და ალ. როინაშვილმა, პირველმა ქართველმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა.
ამ გამოფენამ, შეიძლება ითქვას, შეაჯამა XIX საუკუნის ფოტოგრაფიის მიღწევები საქართველოში.
გიორგი გერსამია
|