ვლადიმერ ბარკანოვი

1870- 1875 წლებში ვ. ბარკანოვი იყო ფრანგული ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი და სიებში მოიხსენიებოდა როგორც ქუთაისელი ფოტოგრაფი.

1872 წლის გაზაფხულზე ქ. მოსკოვში მოეწყო პოლიტექნიკური გამოფენა. ვ. ბარკანოვმა ქუთაისიდან გააგზავნა გამოფენაზე კავკასიის ხედებისა და ტიპების 163 ეგზემპლარი, გელათის მონასტერში დაცული უძველესი ქართული სახარების ფურცლების სურათების კოლექცია.

1873წ. ვ. ბარკანოვმა ფოტოსურათების სერია გაგზავნა ვენაში მსოფლიო გამოფენაზე, სადაც მიანიჭეს ქების სიგელი. იმავე წელს ის გადავიდა ტფილისში და გახსნა ფოტოგრაფიული სახელოსნო ერივანსკის მოედანზე. მის ატელიეში იდგა საუკეთესო უახლესი ევროპული აპარატები, რომლებითაც ადვილად და სწრაფად სრულდებოდა ყოველგვარი ფოტოგრაფიული სამუშაო მინიატურულ და ნატურალურ ზომებში. იქვე მუშაობდა მხატვარი, რომელიც აფერადებდა პორტრეტებს ზეთის, აკვარელის ან ანილინის საღებავებით.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ვ. ბარკანოვი მსახურობდა კავკასიის ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტად.

1880 წ. ფოტოგრაფი უკვე დახელოვნებულ ოსტატად გვევლინება, მის მიერ გადაღებული პორტრეტები გამოირჩეოდნენ საოცარი მსგავსებით, ეფექტური განათებით. ის პირადად ხელმძღვანელობდა ყველა სამუშაოს.

1881 წ. ვ. ბარკანოვს ტულუზაში გამოფენაზე მიანიჭეს პროგრესის დიპლომი.

ის იყო მრავალი ექსპედიციის მონაწილე, მზად იყო ჩაეტარებინა შორეული გასვლები ძნელად სატარებელი აპარატურით, აეტანა ყოველგვარი სიძნელე.

ვ. ბარკანოვი გარდაიცვალა თეირანში 1892 წელს.

გიორგი გერსამია

ვ. ბარკანოვის ფოტოები ინახება ლიტერატურის მუზეუმში, თბილისში.


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია