ალექსანდრე დიდებულიძე

1882-1951

ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი. საფუძვლიანი განათლება მიიღო რიგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1911 წ. სწავლის პერიოდში იგი იყო სტუდენტური ტექნიკური საზოგადოების ხელმძღვანელი, რიგის სამუსიკო საზოგადოების თავმჯდომარე და ჟურნალ “Фотографические новости”-ს რედაქტორი.

1919 წ. ა. დიდებულიძე მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად ფიხიკის ფაკულტეტის ორგანიზებისათვის. 1921 წ. იგი პეტრე მელიქიშვილთან ერთად ქმნიდა უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტს. 1923 წ. ის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორია, სადაც მეცნიერული საფუძველი ჩაუყარა კავკასიის მთავარი ქედის გეოფიზიკურ გამოკვლევებს. ამისათვის მოეწყო ექსპედიციები მწვერვალ ყაზბეგზე. ა. დიდებულიძის ცხოვრების ეს და სხვა ეპიზოდები ასახულია საოჯახო არქივის ფოტოსურათებზე.

ა. დიდებულიძე თავადაც მისდევდა ფოტოგრაფიას, წერდა შრომებს ფოტოგრაფიის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე, მეგობრობდა ფოტოგრაფ პეტრე კოზლოვთან. ჯერ კიდევ რიგაში, 1913-1914 წლებში მან შეიმუშავა ფოტოგრაფიული ემულსიების ოპტიკური სტაბილიზაციის და ინტერფერენციის მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებდა ფერთა გადმოცემის სისუფთავეს და აძლიერებდა შუქმგძნობიარობას. 20-იან წლებში იგი მუშაობდა ფერდაკარგული ხელნაწერების გადაღებისას კონტრასტულობის გაზრდის პრობლემებზე. ზოგიერთი წაუკითხავი ხელნაწერი იქნა გადაღებული ივანე ჯავახიშვილის თხოვნით და შესაძლებელი გახდა მათი შესწავლა. ხელნაწერების წაკითხვის დიდებულიძისეული მეთოდი გამოქვეყნდა 1924 წ. “თბილისის უნივერსიტეტის შრომებში”. იგი წერდა ღრუბლების გადაღების შესახებაც სტატიაში “შუქფილტრების შესახებ”, რომელიც გამოქვეყნდა 1927 წ. ჟურნალში “Фотограф”. ამრიგად, ა. დიდებულიძე ცდილობდა გამოეყენებინა ფოტოგრაფიის შესაძლებლობები მეცნიერული მიზნებისათვის, რასაც იგი ახერხებდა კიდეც.

გიორგი გერსამია


ოჯახური ალბომები

ქართული | ინგლისური


HotLog TOP.GE

 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია