გიგო გაბაშვილი ქართული რეალისტური ფერწერის წარმომადგენელია, მხატვრის დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ადასტურებს მის ურყევ რეალისტურ პრინციპებს.
სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1880-1886)
ბატალისტ ვილევალდეს კლასში, ხოლო 1894 - 1899 წ.წ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ტფილისში რუსული იარაღის მუზეუმის დაკვეთების შესრულებაზე.
1922 წ. გ. გაბაშვილი მიიწვიეს პროფესორად ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. (1936 წ.)
30 – იანი წლების რამდენიმე ფოტოსურათზე გ. გაბაშვილი წარმოდგენილია აკადემიის სტუდენტების შორის (ინახება მხატვრის მოწაფის მერი მიქელაძის ოჯახში).
შემონახულია მხატვრის მეცხრამეტე საუკუნის ატელიეს ფოტოსურათები, რომლებიც წარმოგვიდგენენ მის ინტერესებს და გემოვნებას.
სახელოსნოს ფოტოსურათებს ბევრი აღფთოვანებელი მხილველი იღებდა. ა. ენგელმა, რომელიც ჰქმნიდა ხედების კავკასიურ სერიას, ჩართო იქ გ. გაბაშვილის ატელიეც.
ეს ატელიე მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე, ა. როინაშვილის ფოტოგრაფიის ზევით, ქართველ თავადაზნაურობის სახლში. სახელოსნოს ხედების გარდა ა. როინაშვილს ეკუთვნის მხატვრის შესანიშნავი პორტრეტიც.
გიგო გაბაშვილისგან ხატვის გაკვეთილებს იღებდა ცნობილი ფოტოგრაფი
ედუარდ კლარი, რომელიც დიდი მონდომებით იღებდა ნაცნობი ატელიეს ინტერიერებს.
გიორგი გერსამია |