საქართველოს სახალხო პოეტი – აკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი დიდი, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი დიაპაზონის მოღვაწე იყო. პოეტი, მსახიობი, თეატრის ისტორიცოსი, ქართული ლიტერატურის, თბილისის ისტორიის მკვლევარი – მემატიანე, ლექსიკოგრაფი, ბიბლიოფილი და ა. შ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა – მუზეუმში დაცულია იშვიათი ფოტომასალა. მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილ ფოტოხელოვანთა ნამუშევრები. თითოეული ძველი ფოტოსურათი მთელი ისტორიაა, რომელშიც წარსულის მრავალი ღირსშესანიშნავი მოვლენა თუ ამბავია აღბეჭდილი, გამოჩენილი პიროვნებების სახეებია შემორჩენილი.
ი. გრიშაშვილის ფოტოკოლექციაში ვრცლადაა წარმოდგენილი ძველი თბილისის კულტურისა და ყოფის ამსახველი სურათები, ძველი თბილისის ტიპების, ხელოსნების, ყარაჩოღელების, მიკიტნების, კინტოების, მუსიკოსების, ყასბების, მოჭიდავეების სახეები. დიდი საქმის ერთი მხარეა ასეთი მდიდარი, უნიკალური ფოტომასალების შეგროვება, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია ი. გრიშაშვილის მარგინალიები ფოტოსურათებზე. ამ მინაწერების საშუალებით ვიგებთ ფოტოზე გამოსახულ ამბავს, ვეცნობით პიროვნებებს.
ი. გრიშაშვილი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე დიდი შრომით, სიყვარულით იძენდა ფოტოსურათებს, აფიშებს, ნოტებს, წიგნებს და სხვადასხვა სიძველეებს, რომლებიც მეტად მდიდარ მასალას წარმოადგენს მკვლევართათვის.
ნოდარ გრიგორაშვილი,
აკად. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა – მუზეუმის გამგე.
ფოტოსურათები ინახება იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში.
|