ალექსანდრე მიხაილოვი და მელქონ კაჩუხაშვილი – ქუთაისელი ფოტოგრაფები იყვნენ. ოჯახის გადმოცემის მიხედვით ა. მიხაილოვი საქართველოში ოდესიდან ჩამოვიდა. იგი მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როცა ძმასთან ერთად სახლიდან გაიქცა და მოხეტიალე ცირკთან ერთად მოხვდა თბილისში. 1870 წლის ოქტომბერში თბილისში, სასახლის ქუჩაზე ა. მიხაილოვმა გახსნა პირველი რუსული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ფოტოსახელოსნო.
1874 წელს ა. მიხაილოვი გადასახლდა ქუთაისში, ცოლად შეირთო ნინო ჩირაძე, შეისწავლა ქართული ენა, შეიყვარა ქართული მუსიკა და ქართული სამზარეულო. 1878 წელს მან მ. კაჩუხაშვილთან (1841–1922) ერთად, რომელიც ამ დროისათვის ქუთაისში გადმოვიდა ახალციხიდან, გახსნა ფოტოატელიე თბილისის ქუჩაზე. შემორჩენილი მრავალრიცხოვანი ფოტოსურათებიდან და ფოტოატელიეს სამუშაო ალბომებიდან ჩანს, რომ ისინი ძირითადად იღებდნენ პორტრეტებს, იჯახურ ჯგუფებს, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს.
მათი გამოზომილად მიმდინარე ცხოვრება რამდენადმე გამოცოცხლდა 1882 წლის მაისში, როცა ქუთაისში სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა ცნობილი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომელიც აგროვებდა მასალებს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის” ილუსტრაციებზე სამუშაოდ. ადგილობრივი ინტელიგენციის დახმარებითა და ხელშეწყობით მან განახორციელა ცოცხალი სურათები სცენებისა “ვეფხისტყაოსანიდან” ა. მიხაილოვისა და მ. კაჩუხაშვილის მიერ გადაღებული ამ დადგმების ფოტოსურათები გადარჩა განსხვავებით თბილისური ცოცხალი სურათებისა, რომელთა ფოტოების აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შემდგომში ამ ფოტოგრაფების გზები გაიყო, მაგრამ ორივე აგრძელებდა მუშაობას ქ. ქუთაისში, ა. მიხაილოვი იღებდა თავის ცენტრალურ ფოტოატელიეში ვორონცოვის ქუჩაზე სიცოცხლის ბოლომდე – 1912 წლამდე. ამის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ფოტოატელიე ატარებდა მიხაილოვის სახელს, თუმცა იქ უკვე სხვა ფოტოგრაფი – ნ. საღარაძე მუშაობდა, რომელიც ა. მიხაილოვის ნათესავი და მოწაფე იყო.
ნიკოლოზ საღარაძე ქუთაისში იღებდა მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენების, ლიტერატურული საღამოებისა და იუბილეების ამსახველ ფოტოსურათებს. 1934 წ. იგი გადმოსახლდა თბილისში და 1936-1944 წლებში მუშაობდა ფოტოგრაფად გაერთიანებაში “საქფოტო”. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ნ. საღარაძე თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ბავშვებს პიონერთა სასახლის ფოტოწრეში. ნ. საღარაძემ უანგაროდ გადასცა სახ. კინოფოტოარქივს ა. მიხაილოვის ატელიეში შესრულებული ქუთაისური ფოტოებისა და ნეგატივების მდიდარი კოლექცია.
გიორგი გერსამია.
|