1889-1890 წ.წ. ცნობილმა ალპინისტმა და ფოტოგრაფიის პიონერმა გრაფმა ვიტორიო სელამ რამდენიმე ასვლა განახორციელა სვანეთში. მანამდე ის მონაწილეობდა ექსპედიციებში ალპებში, აფრიკასა და აზიაში, ალიასკაში. მან შექმნა ფოტოსურათების შთამბეჭდავი სერია, რომელიც შემდგომ გამოიფინა ინგლისის გეოგრაფიულ საზოგადოებაში. მისი შრომები, სურათები, დღიურები შეკრიბა მისმა შთამომავალმა ლოდოვიკო სელამ.
სელას ნამუშევრების მიმართ ინტერესი საქართველოში კვლავ განახლდა მას შემდეგ, რაც 80-იან წლებში ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და კინორეჟისორ - დოკუმენტალისტმა რეზო თაბუკაშვილმა მოიძია და შეძლო თბილისში ჩამოეტანა სელას მიერ სვანეთსა და რაჭაში გადაღებული სურათების კოლექცია.
ეს ნამუშევრები წარმოადგენენ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის ფოტოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს.
ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ანსელ ადამსის შეხედულებით სელასეული ინტერპრეტაციების სიწმინდე დამთვალიერებელში აღძრავს რელიგიურ მოწიწებას.
ვ. სელას ფოტოსურათები ინახება სახელმწიფო კინოფოტოფონო არქივში
|