კონსტანტინე ზანისი

1864–1947

ბავშობა კ. ზანისმა ალექსანდროპოლში (გუმრი, სომხეთი) გაატარა. 1878 წ. ოჯახი გადმოსახლდა ტფილისში. ყმაწვილი შეიყვანეს რეალურ სასწავლებელში, სადაც კედლებზე თაბაშირის დეტალები ეკიდა, ხოლი თაროებიდან ანტიკური სკულპტურების ასლები იმზირებოდნენ.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს იგი ხარატად მუშაობდა, შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-იან წლებში კ. ზანისი მიიწვიეს ფოტოგრაფად მეაბრეშუმეობის სადგურში.

კ. ზანისის მიერ გადაღებული ქალაქის ქუჩების და ცალკეული სახლების ხედები, ჟანრული სცენები წარმოდგენილი იყო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე 1897 წელს. იგი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე 1901 წელს მას მიაკუთვნეს მცირე ოქროს მედალი (დიდი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედ. კლარს). მედალზე ამოკვეთილია “შრომისა და ცოდნისათვის”, რაც ზუსტი შეფასებაა კ. ზანისის მოღვაწეობისა.

1908 წელს კ. ზანისი დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად.

პირადი მეგობრობა აკავშირებდა კ. ზანისს ფოტოგრაფებთან: ედ. კლართან, ს. მიჩნიკთან, ბ. მიშჩენკოსთან, ნ. სკლიფასოვსკისთან, ნატიფი ხელოვნების საზოგადოების მოღვაწეებთან, რომლის მუშაობაში ის აქტიურად მონაწილეობდა.

საბჭოთა პერიოდში კ. ზანისი აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოსგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, აზიარებდა ხელოვნებას ფოტოგრაფების ახალ თაობას, 1936 წელს მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება.

გიორგი გერსამია


ფოტოგრაფიის ოსტატები

ქართული | ინგლისური


 
Copyright © 2001-2010.   კავკასიაში ფოტოგრაფიის ისტორიის ქართული ასოციაცია